თბილისის მოკლე ისტორია


ქალაქი თბილისი



ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით ვახტანგ გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბნოთუბანია.არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ.წ  IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება  IV საუკუნის  მეორე ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა)სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა  უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — ტაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი — წავკისის წყალი.. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი), კოორდ. 41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ  დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის . ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებულივარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.
წყარო


No comments:

Post a Comment